
2026-10-04
საბაზრო ეკონომიკა ის წესრიგია, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებას. ბალტიის ქვეყნების საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლების შემდეგ, საბაზრო ეკონომიკისა და ევროპული ინსტიტუტების ჩამოყალიბება ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.
ევროკავშირი თავად წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის სივრცეს. ეს გულისხმობს კერძო საკუთრების დაცვის მაღალ სტანდარტს და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბირჟებს.
უძრავი ქონების თავისუფალი ბაზარი
2022 წლის მონაცემებით, დანიაში სასოფლო-სამეურნეო მიწის 83% კერძო პირებზე მოდიოდა, კიდევ 12% კომპანიებზე; შესაბამისად, კერძო სექტორის ჯამური წილი დაახლოებით 95% იყო. საქართველოში 2004 წლის სტატისტიკის მიხედვით, კერძო სექტორზე სავარგულების საკუთრების წილი იყო 25,4%.
გარდა ამისა, შედარებისთვის სავარგულის საშუალო ფართობი ერთ მეურნეობაზე დღეს ასე გამოიყურება:
● დანია ~71 ჰა
● ესტონეთი ~91 ჰა
● საქართველო ~1.7 ჰა
აქ საუბარია მეურნეობის მიერ გამოყენებულ საშუალო ფართობზე და არა საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
თავისუფალი საფონდო ბაზარი
ესტონეთის მაგალითზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთრების დაცვა, არამედ კაპიტალის ბაზრის არსებობაც. Nasdaq Tallinn (ესტონეთის საფონდო ბირჟა) Nasdaq Baltic-ის სისტემის ნაწილია, რომელიც ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის კაპიტალის ბაზრებს ერთიან ინფრასტრუქტურაში აერთიანებს.
2026 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით, Nasdaq Tallinn-ზე აქციების 30 ემიტენტი იყო წარმოდგენილი — 19 რეგულირებულ ბაზარზე და 11 First North-ის ალტერნატიულ ბაზარზე. მათი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით €5.14 მილიარდს შეადგენდა. მთლიანად Nasdaq Baltic-ის — ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საფონდო ბაზრების — აქციების კაპიტალიზაცია ამავე დღეს €12.03 მილიარდი იყო.
შედარებისთვის,
საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE):
● დალისტული ფასიანი ქაღალდები: 20
● აქციები: 0 დალისტული
● ობლიგაციები: 20 დალისტული
● არასალისტინგო აქციები: 2
● საბაზრო კაპიტალიზაცია ₾478.4 მლნ
განსხვავებული მოცემულობების ერთმანეთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს
გლობალური ვაჭრობა, ინვესტიციები და ლოგისტიკა ინტერესს იწვევს იქ სადაც ბაზარი არის თავისუფალი. აზიისა და ევროპის, განსხვავებული, ანუ ადმინისტრაციული და თავისუფალ კაპიტალთა ურთიერთკავშირს სწორედ საქართველოს საბაზრო ეკონომიკა სჭირდება. რამეთუ, კასპიისა და შავი ზღვების რეგიონში საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობისა და პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან, თურქეთთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა სავაჭრო პარტნიორებთან.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, სადაც საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილი გახდება საფონდო ბირჟა და რომელშიც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ თანაბარი მონაწილეობის უფლება, ხოლო მთავრობა მარეგულირებლის ფუნქციას შეასრულებს; ასევე, სახელმწიფო აქტივების ფართო და გამჭვირვალე პრივატიზაცია (უფასოდ), სადაც ეს ეკონომიკურად და სამართლებრივად გამართლებულია, იქნება გარანტი კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის.
გარდა ამისა, ქვეყანაში, ბევრი მესაკუთრე და ბევრი აქციონერი სახელმწიფოსთვის ნიშნავს მსხვილ ეკონომიკას. თუ საკუთრება დაცულია, ფართოდ არის განაწილებული და მისი გამოყენება და გასხვისება თავისუფლად არის შესაძლებელი, ეკონომიკური აქტივობის ჯაჭვი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
ბევრი მესაკუთრე → ქონების ფართო განაწილება → მეტი ეკონომიკური აქტივობა → მეტი ინვესტორი → კაპიტალის ბაზრის გაფართოება → მეტი კერძო კაპიტალი → უფრო ღრმა ეკონომიკა.
ვაჭრობა ვითარდება იქ, სადაც კანონი უზრუნველყოფს თავისუფალ მოძრაობას.
სადაც კანონი გზას ხსნის, იქ ვაჭრობა საზღვრებს კვეთს.
სახელმწიფო იცავს სამართალს, სამართალი — თავისუფალ ვაჭრობას.
თავისუფალი ვაჭრობის გარეშე, არ არსებობს აბრეშუმის გზა.
აბრეშუმის გზის ჰარმონიულ დღის წესრიგს აყალიბებს მისი კარიბჭე, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს ძლიერ დაცული კერძო საკუთრებით და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ბირჟებით.
თავისუფალი ვაჭრობის კარიბჭეს თავადაც თავისუფალი და ფართოდ განაწილებული საკუთრება და კაპიტალის ბაზარი სჭირდება.
საქართველო უნდა იყოს აბრეშუმის გზის კარიბჭე არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ინსტიტუციურადაც — კარიბჭე, რომელსაც საფუძვლად უდევს დაცული კერძო საკუთრება, ფართო მესაკუთრეობა, განვითარებული კაპიტალის ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობა.
ზურაბ მაღრაძე, DBA
გამოყენებული მასალა:
dst.dk / dst.dk / iset-pi.ge / gse.ge
nasdaqbaltic.com / nasdaqbaltic.com